ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ვიზიტი

მუზეუმში გასვლითი აქტივობის მთავარი დანიშნულება არის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და სკოლაში მიღებული ცოდნის ტრანსფერი მუზეუმში გამოფენილი ექსპონატებთან მიმართებით. აღნიშნული თვალსაჩინოება მოსწავლეებს ეხმარება რეალურად აღიქვან კონკრეტული ისტორიული ეპოქა და დაადგინონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ფაქტებსა და მოვლენებს შორის.

IV ა და IV ბ კლასში განხორციელებული აქტივობის მიზანი, კონკრეტულად კი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის  მონახულება და იქ არსებული პრეისტორიული ეპოქისა და ანტიკური ხანის ამსახველი ექსპონატების დათვალიერება და სკოლაში მიღებული ცოდნის შეჯამება იყო.

ამჟამად ქუთაისის მუზეუმში 150,000-ზე მეტი ექსპონატი ინახება. არქეოლოგიურ განყოფილებაში, რომელიც ქუთაისსა და მის შემოგარენში მიკვლეული მასალებით ივსება, ბრინჯაოს და ანტიკური ხანის უამრავი ნიმუშია დაცული, მათ შორის: კოლხური ცულები, ცხოველთა სტილიზებული გამოსახულებებით შემკული ბრინჯაოს ბალთები, ძვ. წ. VII-VI საუკუნის მამაკაცის ბრინჯაოს ითიფალური ქანდაკება სოფ. ფერსათიდან, ქალის ბრინჯაოს ქანდაკება სოფ. გეგუთიდან და სხვ.

მუზეუმის საგანძურში ინახება შუა საუკუნეების ჭედური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები: X ს-ის ვერცხლის სტავროთეკა და სამწერლობელი, ამაღლებისა და შობის გამოსახულებიანი XI ს-ის ლორფინები შორაპნიდან და მოწამეთადან, XII-XIII სს-ის მაცხოვრის ხატი მოწამეთადან და სხვ. მრავლადაა წარმოდგენილი XVI-XVIII სს-ის ოქრომჭედლობის ნიმუშებიც.


მუზეუმში არსებული ექსპონატების გამოფენამ ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მათ ვიზუალურად აღიქვეს თეორიულად მიღებული ცოდნა.ასევე დიდი სიამოვნებით დაათვალიერეს ანტიკური ხანის საქართველოს საგამოფენო დარბაზი.ექსკურსიის მეორე დრეს სკოლაში მათ უკვე წერილობით წარმოადგინეს თავიანთი შთაბეჭდილებები.
 ვფიქრობ მსგავსი კლასგარეშე აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და უზრუნველყოფს მათ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.

პედაგოგები:

იაკო მელიქაძე

მარიამ მამრიკიშვილი

ნათია ფოცხვერაშვილი