30 მარტს N1 სკოლა გოქაძის მე-8 (დ) კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას ესტუმრნენ.
შეხვედრა საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, რადგან მოსწავლეებმა უშუალოდ მოისმინეს ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში მათ მასპინძლობდნენ ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი პეტრე ადამაძე, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ელეონორა გოგოლაშვილი და ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ეკონომიკური განვითარებისა და ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი გოგლიჩიძე.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მერიის სხვა წარმომადგენლებიც.
მოსწავლეებს გააცნეს სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული პროექტები, რომლებიც ქალაქის განვითარებასა და მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე და ეკოლოგიურ ინიციატივებს.
ირაკლი გოგლიჩიძემ დეტალურად ისაუბრა პროექტზე „ქუთაისი – ეკო-სმარტ ქალაქი“, რომელმაც მოსწავლეებში დიდი ინტერსი გამოიწვია. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს და მომავალში კიდევ ერთ შეხვედრასაც დაჰპირდნენ, რაც მათთვის დამატებითი გამოცდილების მიღების კარგი შესაძლებლობა იქნება.
მადლობა ქუთაისის მერიას მასპინძლობისთვის.






