საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 ღვაწლმოსილ პედაგოგს გადაეცა. მათ შორის გახლავთ ქუთაისის შპს №1 (გოქაძის) და სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის

41-ე, ფიზიკა-მათემატიკის, საჯარო სკოლების მათემატიკის პედაგოგი-ივანე გოქაძე.

ივანე გოქაძე პირველი გაკვეთილის ჩატარებისთანავე მოექცა მოსწავლეებისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. საგნის სიღრმისეული ცოდნა და თანდაყოლილი პედაგოგიური უნარი ყველაზე საიმედო გზა აღმოჩნდა მოსწავლეების გულამდე მისასვლელად. მისი გაკვეთილები ყოველთვის გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და, რაც მთავარია, სიახლეებზე ორიენტირებით.

ივანეს პედაგოგიური მოღვაწეობა მარტო სკოლებში საქმიანობით არ ამოიწურება. იგი 2016 წლიდან ჩართული იყო საქართველოს მოსწავლეთა გოგონების ნაკრების მომზადების პროცესში და ჩვენი ქვეყნის ნაკრების გუნდის წარმომადგენელია საერთაშორისო სარბიელზე.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ივანე გოქაძის ინიციატივითა და ორგანიზებით მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის საქართველოში გამართვა. ესაა უპრეცედენტო მოვლენა ჩვენი ქვეყნის განათლების ისტორიაში, რადგან მსგავსი ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა. წყალტუბოში გამართულ ფორუმში

55-ამდე ქვეყნის 500-ამდე სტუმარი მონაწილეობდა.

წელსვე ივანე გოქაძე მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამ გამარჯვებამდე იყო კარგად ცნობილი „ტელესკოლის“ ონლაინოლიმპიადა, რომლის პროექტიც კოლეგასთან, კოტე კუპატაძესთან, ერთად შექმნა და წარმატებითაც სარგებლობდა მოსწავლეებში.

წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა; თუმცა ეროვნული პრემიის ლაურეატ პედაგოგს ეს არ აშინებს. მან კარგად იცის, რომ დაუღალავი შრომით ყველაფერს მიაღწევს. ამასვე ასწავლის მოსწავლეებს, რომლებსაც საჩუქრად გადასცა მათემატიკის სავარჯიშოების კრებულები აბიტურიენტებისთვის შემაჯამებლებითურთ. მას აქვს მათემატიკის საოლიმპიადო შინაარსის მრავალი ნაშრომი, რომელთაც უსასყიდლოდ უზიარებს პედაგოგებსაც და მოსწავლეებსაც. სამომავლოდ აპირებს, ამ კუთხით უფრო გააძლიეროს მუშაობა, შექმნას კიდევ უფრო მეტი სასწავლო მასალა ქართველი მოსწავლეებისთვის, რადგან იცის, რომ ქვეყნის განვითარების ყველაზე ძლიერი ლიბო განათლებული მომავალი თაობაა.